MEA CULPA

ლუი-ფერდინანდ სელინი

"ორიოდ ბოღმა კიდევ მაკლია.

თუმც ვიცი, რომ არსებობენ. "

რაც კომუნიზმში გხიბლავს, რაც მართლაც მისი უზარმაზარი უპირატესობაა, ისაა, რომ ბოლოსდაბოლოს ნიღაბს ჩამოჰგლეჯს ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ! განძარცვავს მას "ბოდიშებისგან". საუკუნეებია, რაც გვაბრუებს – ინსტინქტებით, ტანჯვით, ზღაპრებით..., როგორც უნდა, ისე გვაბითურებს... ვერ წარმოიდგენ, რა ფლიდია!.... ის ხომ საიდუმლოა, ის ხომ კუთხეში შეყუჟული დიად ალიბის ამოფარებია: "ძლიერთა მიერ ექსპლოატირებული." უტყუარი გამართლებაა... დაწყევლილი სისტემის მოწამე! ნამდვილი იესოა!...

"მეც ! შენც! და ისიც ! ვართ ექსპლუატირებულები! "                                                            

ძირს ეს თაღლითობა! ძირს ეს სისაძაგლე! დალეწე ბორკილი, ᲞᲝᲞᲣ*! წელში გაიმართე, ᲓᲐᲜᲓᲔᲜ**!.. ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება! როგორც იქნა, დაგინახეთ! იფ, რა იერი გაქვს! დაე ყველა აღფრთოვანდეს! შეგისწავლონ! თხემით ტერფამდე!... ბოლოსდაბოლოს აღმოაჩინონ შენი პოეზია, გულიანად შეგიყვარონ ისეთი, როგორიც ხარ! მით უკეთესი, ღმერთმანი! მით უკეთესი! რაც მალე, მით უკეთესი! ერთიანად ამოწყდნენ ეს ვაჟბატონები! სასწრაფოდ! ეს დამპალი ნაძირალები! ერთად თუ ცალ-ცალკე! სწრაფად! მყისიერად! უყოყმანოდ! არანაირი შეწყალება! მსუბუქად თუ შემზარავად! ფეხებზე მკიდია! სიხარულისგან ვცახცახებ! არცერთი გროში მთელი ამ მოდგმის შემოსარიგებლად! სასაკლაოზე, ტურებო! ჩეჩმაში! რატომ ვაჭიანურებთ? ნუთუ მათ, ბანჯგვლიანებს, ოდესმე ერთი უმწეო მძევალი მაინც გამოურიდებიათ მეფე-მოგებისთვის? არაფერი! არაფერი! არაფერი! რა დროს ზოზინია?.. სადაც მოვიხელთებთ, იქვე ჩავაძაღლოთ! რაც საჭიროა, საჭიროა! ეს ხომ "საბედისწერო ომია"!... გავუშვათ? აზრი?... ვერც კი გაგართობენ! უფრო ტლუ და გამოშტერებულები, ვიდრე ბუნებამ შექმნა! პანღური უნდა ამოსცხო, რომ გაგაცინონ!...

პრივილეგირებულებს რაც შეეხება, ამ მძორისთვის, ვფიცავ, თვალსაც არ ავიცრემლებ!... არავითარი შეცდომა! გადავადება? ბასტა! რა სინანული! რის ცრემლი! არავითარი ოხვრა! ეს საჩუქარია! ეს ანგელოზის ხმაა! მათი აგონია? თაფლი! ნუგბარი! მინდა! თავს კმაყოფილად ვაცხადებ!...

იცოდე, მძორო, ყელს გამოგრადრავ ერთ ავ საღამოს!

თვალების ნაცვლად დაგიტოვებ უძირო ხვრელებს!

პირუტყვულ სულმა სიკვდილის როკვით რომ დაუაროს

"უმანკო ბავშვთა" სასაფლაოს გვამთა ღუმელებს!

ეს მგზნებარე კუპლეტები ჩემს თავში ცეკვავს! ყველას გთავაზობთ დანამატის სახით, მუსიკასთან ერთად! "ჰიმნი სასაკლაოს", ჰანგიც ზედ ერთვის! სრული კომპლექტია!...

ყველაფერი კარგადაა ! Ça ira ! 

გადის ერთი! ლამაზუნა!...

მოდის ორი! აი რა!

ასე შეწყობილად მღეროდნენ ჩვენი ძველი, მხიარული მესანგრეები! ფეხი დავკრათ! ფეხი დავკრათ! მაგრად ჩავტკეპნოთ ეს სახადი! მთელი მოდგმა თავიდანაა გადასარჩევი! ბიბლიური დროიდან მოყოლებული, თავს არ დაგვტყდომია უფრო ვერაგი, უფრო უხამსი, უფრო დაამამცირებელი ჭირი, ვიდრე ბურჟუაზიის წებოვანი მარწუხებია. უფრო ვერაგულად ტირანული, გაუმაძღარი, მტაცებელი, ტარტიუფების კლასი! მორალის მკითხველი და მოცუნდრუკე! გულგრილი და მტირალა! ყინულივით უგრძნობელი უბედურების მიმართ. უფრო გაუმაძღარი? პრივილეგიებზე ტკიპაზე მეტად მიწებებული? უფრო მეწვრილმანე? უფრო გამომფიტავი? ცარიელ სიმდიდრეზე მეტად შეყვარებული? წარმოუდგენელია! მოკლედ, სრული სიდამპლე.

გაუმარჯოს პეტრე პირველს! გაუმარჯოს ლუი XIV-ს! გაუმარჯოს ფუკეს! გაუმარჯოს ჩინგიზ ხანს! გაუმარჯოს ბონოს***, მთელს ამ ბანდას! და ყველა სხვას! მაგრამ ლანდრიუს****? ნურას უკაცრავად, არანაირი გამართლება! ყველა ბურჟუაშია რაღაც ლანდრიუსგან! აი ეს არის სამწუხარო! განუკურნებელი! 93 წელი, ჩემი აზრით, ამ ლაქიებმა მოიმოქმედეს... პირდაპირი გაგებით ლაქიებმმა, მყვირალა ლაქიებმა! კალმის ლაქიებმა, რომლებიც ერთ საღამოს ხელში იგდებენ სასახლეს, შურით შეშლილნი, აღგზნებულნი, ეჭვიანები, ძარცვავენ, ხოცავენ, სახლდებიან და ითვლიან შაქარს და დანა-ჩანგალს, ზეწრებს... ყველაფერს ითვლიან!... აგრძელებენ... ვერასოდეს შეძლებენ გაჩერებას. გილიოტინა სალაროს ფანჯარაა... ისინი შაქარს სიკვდილამდე დაითვლიან! ნატეხებს, მონუსხულები. ყველას იქვე, ადგილზევე მოკვლა შეიძლება... ისინი ხომ ისევ სამზარეულოში არიან. ძებნაც არ გინდა! ჩალის ფასადაც არ ღირს მათი ინტელექტუალების ხროვა, ტენდენციური იმპრესიონისტი-კონფუზიონისტები, ხან მარცხნივ რომ ლუღლუღებენ, ხან მარჯვნივ, თავიანთი ბოზური სულის სიღრმეში კი ყველანი სასტიკი კონსერვატორები არიან, ნატიფი არგუმენტების ამწონავები; ქვენა აზრებით გატენილები. საძირკვლის დანახვაც კმარა! წავლენ საითაც გინდა, სარფიანი თანამდებობის სუნზე, სცენის პერსპექტივაზე... ისინი ნამდვილად ვერ გამოისყიდიან ამ ტიტანურ იდიოტიზმს, ნახირის ქრომირებულ სიბინძურეს!... რასის ბოზები, აქედან მომდინარეობენ... ჰოდა, კანლიზაციაში ეს ჯიშიც!... საერთოდ აღარაფერი გვსმენოდეს მათზე!... მოპირდაპირე მხარეს მყოფნიც ზუსტად იგივე არიან, თვითკმაყოფილები, „სამართლიანობის აღმდგენლები“ წელიწადში 75 000 ფრანკად.

დღევანდელ დროში ხალხის გვერდით გამოჩენა ნიშნავს კარგი დაზღვევის იაფად ყიდვას. თუ ოდნავ ებრაელადაც გრძნობ თავს, ეს უკვე სიცოცხლის დაზღვევად იქცევა . ეს ყველაფერი გასაგებია.

რა განსხვავებაა, ამიხსენით, კულტურის სახლებსა და საფრანგეთის აკადემიას შორის? იგივე ნარცისიზმი, იგივე შეზღუდულობა, იგივე უსუსურობა, ლუღლუღი, იგივე სიცარიელე. სხვა კლიშეებია, ძლივს შესამჩნევი განსხვავებით, სულ ესაა. ეგუებიან, თავს იწონებენ, ერთსა და იმავეს იმეორებენ, აქაც და იქაც, ზუსტად.

დიდი წმენდა? თვეების საკითხია! დღეების საკითხია! აჰ! დიახ! ეს საქმე მალე გაკეთდება!... გავიხაროთ!... ბენგალის ცეცხლი ავანთოთ!...

საბოლოოდ, სასწორის გადატრიალება ძალიან ადვილია! მთელი კლასის გაჟლეტა! ჩვენ ხომ მხოლოდ ღია კარებს ვამტვრევთ, თანაც როგორ გამოხრულს მწერებისგან! პრივილეგირებულების დახვრეტა უფრო ადვილია, ვიდრე ტირში თიხის ჩიბუხების მიზანში ჩამოგდება!.... ამით შეიძლება იამაყო! „ჩაგრულმა“ შური იძია! ათასგზის სამართლიანი საზღაური! "კრულვითა დაღდასმული" თავისას იბრუნებს! ოკეი!

ჯანდაბას! დიდი ხანია, დროა!... ეს ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერია!...

მდიდრების გვაქვს ჭამის ხოში!

ტრუ-ლა-ლა!

ტრუფელს გაგთხრით კურტუმოში!

აბა დავცხოთ ზარბაზნები! ბუმ!

ბოლოსდაბოლოს, აი მთავარიც! აი ერთი კარგი საქმეც გაკეთდა!... ᲞᲠᲝᲚᲝ***** თავისუფალია! აწი შეცდომა გამორიცხულია, ყველა ხელსაწყო, რაზეც კი საუბრობენ, ფლეიტიდან ნაღარამდე, მის ხელთაა!... რა მშვენიერი ქარხანაა! მაღაროები! საწებლით! ნამცხვარი! ბანკი! მიდი, მიაწექი! და ვენახები! და კატორღაც ! ჩამოასხი წითელი ! გაბედულად! ამიერიდან ᲞᲠᲝᲚᲝ აგებს პასუხს ნახირის ყველა ბედნიერებაზე... მაღაროელო! მაღარო შენია! ჩადი ! აღარასოდეს გაიფიცები! აღარასოდეს იწუწუნებ! მერე რა, თუ დღეში მხოლოდ 15 ფრანკს გამოიმუშავებ, ეს შენი საკუთარი 15 ფრანკი იქნება!

ისე უნდა ვაღიაროთ, რომ ამათ ერთმანეთს დაუწყეს ლანძღვა. ამათ, ცოტა არ იყოს, ლაქიას სუნიც დაჰკრავთ. ამ, უბრალო ადამიანს, ჭორაობა უყვარს... ეს საპატიებელია, ამას ეშველება! აქ ხომ ორმოცდაათი საუკუნის მონობის ყველა ბილწი ინსტინქტია... ეს ჩათლახები ელვის სისწრაფით ამოდიან ზედაპირზე, თავისუფლებაში ბევრად უკეთ, ვიდრე ადრე! სიფრთხილე! სიფრთხილე!... ის, რომ ისტორიის უდიდესი მსხვერპლი ხარ, არ ნიშნავს, რომ ანგელოზი ხარ!... საერთოდაც, ყველაფერი სრულიად პირიქითაა!... და მაინც, აი აქ არის ეს ცრურწმენა, უდიდესი, მყარად ჩამჟდარი, ფოლადივით მტკიცე!...„ადამიანი ზუსტად ის არის, რასაც ჭამს!“ ეს ენგელსმა აღმოაჩინა, მაგ ჭკუის კოლოფმა ! კოლოსალური ტყუილი! ადამიანი კიდევ ბევრი სხვა რამ არის, ბევრად უფრო ბუნდოვანი და გულისამრევი, ვიდრე „ჭამის“ საკითხი. მას მხოლოდ ნაწლავებში კი არ უნდა ჩახედო, არამედ მის ლამაზ პატარა ტვინშიც!... აღმოჩენები ჯერ არ დასრულებულა!... რომ შეიცვალოს, ის უნდა გაიწვრთნას! ექვემდებარება კი წვრთნას?... ვერანაირი სისტემა ვერ გაწვრთნის! ყოველთვის მოახერხებს ნებისმიერ კონტროლს თავი აარიდოს!... თავის დაძვრენა ფუჭი მიზეზებით? ექსპერტულად ეხერხება! მაგარი უნდა იყო, დანაშაულის ადგილზე რომ ჩაავლო! და საერთოდაც, ფეხებზე მკიდია! სიცოცხლე ისედაც ძალიან მოკლეა! მორალზე ლაპარაკი არაფერში გზღუდავს! ეს სოლიდურობას გმატებს, გნიღბავს. ყველა ნაძირალა მოქადაგეა! რაც უფრო გაქნილია მით მეტს ტლიკინებს! თან მლიქვნელებიც არიან! საკუთარი თავის იქით არაფერი!... კომუნიზმის პროგრამა? რამდენიც არ უნდა უარყოთ: მთლიანად მატერიალისტურია! პირუტყვის მოთხოვნები, პირუტყვთა გამოსაყენებლად! უზომოდ ჭამა! შეხედეთ მარქსის მსუქან, გაფუებულ სიფათს! ჭამდნენ მაინც, ზუსტად პირიქით ხდება! ხალხი მეფეა!... მეფე კი შიმშილით კვდება! ყველაფერი მისია! და პერანგიც კი არ აბადია!... რუსეთზე ვამბობ. ლენინგრადში, სასტუმროების გარშემო, ტურისტს თავფეხიანად გყიდულობენ — შენი პერანგიდან დაწყებული, შენი შლაპით დამთავრებული. უძველესი ინდივიდუალიზმი მართავს მთელ ამ ფარსს, ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერს ძირს უთხრის, ყველაფერს ხრწნის. გააფთრებული, ბოღმიანი, ჩაკეტილი, დაუძლეველი ეგოიზმი ასველებს, განჭვალავს, უკვე ხრწნის ამ საშინელ სიღარიბეს, მისგან ჟონავს, მას კიდევ უფრო მყრალს ხდის. ინდივიდუალიზმები ჯგუფურად სეკრული, მაგრამ არა ერთმანეთში შერწყმული.

თუ კომუნისტური არსებობა მუსიკალურია, ჰანგი უფრო სულთამბრძოლი, ბრმა და მათხოვრულია, უფრო პირუტყვული, ვიდრე აქ, და თანაც ყველამ უნდა იცეკვოს -კოჭლმაც კი. 

ვინც არ ცეკვავს 

აღიარებს

სიმახინჯეს დამალულს

ეს არის სირცხვილის, დუმილის, სიძულვილისა და მალული ბოღმის დასასრული; ცეკვა მთელი საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად ყველასთვის. აღარცერთი სოციალურად უმწეო, აღარცერთი ისეთი, ვინც სხვებზე ნაკლებს გამოიმუშავებს. და ცეკვას ვერ ახერხებს.

სულიერი საზრდოსა და სიხარულისთვის რუსეთში მექანიკა აქვთ. ნამდვილი აღთქმული მიწაა! სალამი! განგების მიერ ბოძებული მიგნებაა! უნდა იყო ხელოვნებით თავგზააბნეული, საუკუნეების მანძილზე პარკში გამოკეტილი, ჩასაფრებული, მსოფლიოს საუკეთესო ფურცლებში თბილად შეფუთული „ინტელექტუალი“ — საჯარო სამსახურის მაღლარ ვენახებში გაზრდილი მწიფე, სათუთი, პატარა ყურძენი, გადასახადებისგან მიღებული ნებიერი ნაყოფი, არარეალურობით შეშლილი — რომ და ასეთი ფენომენალური სირობა მოიფიქროს! მანქანა, სიმართლე თუ გინდათ, სვრის, სჯის და კლავს ყველაფერს, რაც კი მას უახლოვდება. მაგრამ მანქანა ხომ „ბონ ტონად“ ითვლება! ის ასოცირდება „პროლეტარიატთან“, „პროგრესთან“, „მუშაობასთან“, „ბაზისთან“... მასებს თვალებში ნაცარს აყრის... ეს წარმოგაჩენს როგორც სპეც-მცოდნეს, საიმედო თანამგრძნობს... ამას კიდევ უფრო უმატებენ... რეკომენდაციას უწევენ... ძე უბერავენ, ძრავს სარქველები უსკდება... „მე ვარ! "გენერალურ ხაზს მხარს ვუჭერთ"! გაუმარჯოს დიად ცვლილებებს! ყველა ჭანჭიკი ადგილზეა! ბრძანება პირდაპირ კაბინეტების სიღრმიდან მოდის!“ მთელი ეს სოუსი მანქანებზეა! ყველა ხელმისაწვდომი ტყუილი! სანამ ეს ხდება, ისინი ფიქრს ვერ მოახერხებენ!...

ესეც თქვენი ვითომ აღდგომა - გაცვეთილი და ძალადაკარგული!... მანქანა თავად არის ჭირი. უდიდესი მარცხი! რა ბლეფია! რა ტყუილი! ყველაზე დახვეწილ მანქანასაც კი არასოდეს არავინ გაუთავისუფლებია. ის ადამიანს ბევრად უფრო სასტიკად ასირებს და სულ ესაა! ექიმად მიმუშავია ფორდის ქარხანაში და ვიცი, რასაც ვამბობ. ყველა „ფორდი“ ერთმანეთს ჰგავს, საბჭოთა იქნება თუ არასაბჭოთა!... მანქანის იმედად ყოფნა მხოლოდ მორიგი გამართლებაა სისასტიკის გასახანგრძლივებლად. ეს თავის არიდებაა ნამდვილი კითხვისთვის, ერთადერთი, შინაგანი, უზენაესი კითხვისთვის, რომელიც ყოველი ადამიანის სიღრმეშია გამჯდარი, მის საკუთარ ხორცში, მის გოგრაში და არსად სხვაგან!... ნებისმიერი შესაძლო თუ შეუძლებელი საზოგადოების ნამდვილი, უცნობი საიდუმლო... ამაზე არავინ, არასოდეს ლაპარაკობს, ეს არ არის „პოლიტიკა“!..... ესაა კოლოსალური ტაბუ!... აკრძალული, „უკანასკნელი“ კითხვა! არადა, ფეხზე იდგება, ოთხ ფეხზე იხოხებს, იწვება თუ თავდაყირა დადგება, ადამიანს ცაზეც და დედამიწაზეც მხოლოდ ერთი ტირანი ჰყოლია: საკუთარი თავი!... სხვა არც არასდროს ეყოლება...სამწუხაროცაა, სხვათა შორის... სხვა ტირანს შესაძლოა გაეწვრთნა და, საბოლოო ჯამში, სოციალურ არსებადაც ექცია.“

საუკუნეებია, რაც მას უფუნთრუშებენ და ნამდვილ პრობლემას არიდებენ რათა ხმის მისაცემად მზად ჰყავდეთ... რელიგიების დასასრულიდან მოყოლებული, სწორედ მას უკმევენ გუნდრუკს და სწორედ მას ათრობენ ბჟუტურის მთელი კორიანტელით. ის ხომ თავად არის ეკლესია! ის ხომ უფრო ნათლად ხედავს რაღა თქმა უნდა! ამ გამოშტერებულსაც ყველაფრის სჯერა, რასაც უყვებიან, ოღონდ კი პირფერობა იყოს! აბა საიდან ორი განსხვავებული მოდგმა! ბატონები? მუშები? ეს ასი პროცენტით ხელოვნურია! აქ მხოლოდ იღბალია და მემკვიდრეობა! გააუქმეთ! და თავად დაინახავთ, რომ ზუსტად ერთი მთხლეა...მოვითხოვ ამას...მიხვდებით, რატომაც...

სამ უკანასკნელ საუკუნეში პოლიტიკის წყალობით ადამიანი უფრო მეტად გათახსირდა, ვიდრე მთელი წინა ისტორიის მანძილზე. შუა საუკუნეებში უფრო ახლოს ვიყავით ერთიანობასთან, ვიდრე დღეს... საერთო ცნობიერება რაღაცნაირად ყალიბდებოდა... ტყუილები ბევრად უკეთესად, "პოეტურად" და პლუს ინტიმურად იყო აწყობილი. ახლა ეს გაცამტვერებულია.

მატერიალისტური კომუნიზმი — ესაა მატერია უპირველეს ყოვლისა, და როდესაც საქმე მატერიას ეხება, არასოდეს იმარჯვებს საუკეთესო- ყოველთვის ყველაზე ცინიკური, ყველაზე ეშმაკი, ყველაზე სასტიკი. აბა ერთი ამ სსრკ-ს შეხედეთ, როგორ სწრაფად დადგა ფეხზე მაყუთი! როგორ დაიბრუნა ფულმა ეგრევე მთელი თავისი ტირანია! თანაც კუბში! ოღონდ კი შეაქონ! ᲞᲝᲞᲣ ყველაფერს იღებს! ყველაფერს ყლაპავს! საბჭოეთში ის ამაზრზენია პრეტენზიულობით, თვითკმაყოფილებით, თან მით უფრო მეტად, რაც მას უფრო ღრმად ძირავენ ნეხვში და რაც უფრო მეტად აქცევენ იზოლაციაში! აი, ეს არის შემაძრწუნებელი ფენომენი. რაც უფრო მეტად იუბედურებს თავს, მით უფრო მეტად მედიდურდება! რწმენის დასასრულიდან მოყოლებული, ბელადები განადიდებენ მის ყველა ნაკლს, მის ყველა სადიზმს, და მას მხოლოდ საკუთარი მანკიერებების მეშვეობით აკონტროლებენ: პატივმოყვარეობით, ამბიციით, ომით, ერთი სიტყვით — ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘᲗ. ეს ხერხი საოცრად ღირებულია! მათ ეს ყველაფერი გააათმაგაებულად დააბრუნეს! სულს ხდიან სიღარიბით, და ასევე მისივე თავმოყვარეობით! პატივმოყვარეობა უპირველეს ყოვლისა! პრეტენზიულობა კლავს, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი! სხვა დანარჩენზე უკეთესადაც კი!

დიდი ქრისტიანული რელიგიების პრაქტიკული უპირატესობა ისაა, რომ მათ მწარე აბი არასდროს არ მოუოქროვებიათ. ისინი არ ცდილობდნენ გამოშტერებას, მათ არ უძებნიათ ამომრჩეველი, არ სჭირდებოდათ თავის მოწონება, ისინი უკანალს არ ათამაშებდნენ. აკვნიდანვე სიმართლეს პირში გახლიდნენ, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეუბნებოდნენ: „შენ, პატარა უფორმო მატლო, არასოდეს იქნები არაფერი სხვა, თუ არა ნაგავი... დაბადებიდანვე შენ მხოლოდ მძღნერი ხარ... გესმის ჩემი?... ეს თავიდანვე აშკარავაა, ესაა ყველაფრის პრინციპი! თუმცა, შეიძლება... შეიძლება... ძალიან ახლოდან თუ დავაკვირდებით... რომ კიდევ გქონდეს ერთი პააატარა შანსი, ოდნავ მაინც გეპატიოს ის, რომ ხარ ასეთი საძაგელი, გასვრილი, დაუჯერებელი... აი რა — სახის კარგი გამომეტყველებით მიიღე ყველა ტანჯვა, განსაცდელი, გაჭირვება და წამება შენი მოკლე თუ გრძელი არსებობისა. სრულყ თავმდაბლობაში... ცხოვრება, ნაგავო, სხვა არაფერია, თუ არა მწარე განსაცდელი! სულს ნუ იხუთავ! შეეშვი წყლის ნაყვას! იზრუნე სულზე, ეს უკვე კარგია! შეიძლება, გოლგოთის ბოლოს, თუ უკიდურესად წესიერი, ხმის ჩაკმენდის გმირი, ჩაძაღლდე პრინციპების დაცვით... მაგრამ აქ არაა გარანტიები... სიკვდილისას იქნებ ცოტათი უფრო ნაკლებად მყრალი იყო, ვიდრე დაბადებისას... და როდესაც ღამეში ჩაესვენები, იქნებ უფრო სუფთა იყო, ვიდრე განთიადისას... მაგრამ თავში ნუ აგივარდება! სულ ეს არის!... ფრთხილად იყავი! დიდ სპეკულაციებს მოეშვი! შენისთანა ფეკალიისთვის ესეც მაქსიმუმია!...

აი ეს მესმის! ეკლესიის ნამდვილი მამების სერიოზული ბაზარი!! რომლებიც იცნობდნენ თავის მასალას! რომლებიც თავს არ იტყუებდნენ! დიდი პრეტენზიები ბედნიერებაზე — აი, ყველაზე დიდი თაღლითობა! სწორედ ეს ართულებს ცხოვრებას! ეს ხდის ადამიანს გესლიანს, დაუნდობელს, აუტანელს. ცხოვრებაში ბედნიერება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მეტ-ნაკლებად დიდი უბედურებები, მეტ-ნაკლებად გვიანი, აშკარა, საიდუმლო, გადავადებული, მზაკვრული... „სწორედ ბედნიერი ხალხისგან გამოგვყავს ჯოჯოხეთისთვის საუკეთესო ბინადარნი". ეშმაკის ეს პრინციპი მყარად დგას. როგორც ყოველთვის, მართალი იყო, როცა ადამიანი მატერიას შეაჯახა. ამას დიდი დროც არ დასჭირდა. ორ საუკუნეში, სიამაყით სრულიად გაგიჟებული, მექანიკით გაბღენძილი, ადამიანი გახდა აუტანელი. აი ასეთს ვხედავთ მას დღეს: ტვინდახშულს, გაჯერებულს, ალკოჰოლით და ბენზინით მთვრალს, უნდობელს, პრეტენზიულს, მთელ სამყაროს წამებში რომ მართავს! გაოგნებული, ყოველგვარ საზღვრებს გადასული, გამოუსწორებელი, ცხვრისა და ხარის ნაზავი, პლუს აფთარიც. მომხიბვლელია, ვერაფერს იტყვი. უკანასკნელ პროჭსაც კი სარკეში თავი იუპიტერად ეჩვენება. აი, ეს არის დიდი თანამედროვე სასწაული. გიგანტური, კოსმოსური ამპარტავნება. შური პლანეტას ამყოფებს მრისხანებაში, ტეტანოსურ გაშეშებაში, გადამდნარ მდგომარეობაში. ზუსტად ის ხდება რაც არ გვინდოდა, . ნებისმიერი შემოქმედი პირველივე სიტყვაზე სიძულვილით ისრისება, იფქვება, ორთქლდება. მთელი მსოფლიო კრიტიკულ უარყოფად და შესაბამისად, შემაძრწუნებელ უნიჭობად იქცა. კოლექტიურ კრიტიკოსად - მზაკვარ, მლიქვნელ, გამოშტერებულ მონად.

ადამიანის დაყვანა მატერიაზე — აი, ეს არის საიდუმლო, ახალი, დაუნდობელი კანონი... როდესაც შემთხვევით ორ სისხლს აურევენ ხოლმე, ერთს ღარიბს, მეორეს მდიდარს, არასოდეს მდიდრდება ღარიბი, ყოველთვის ღარიბდება მდიდარი... ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ქება-დიდებით გამოშტერებული მასის გზა-კვალის აბნევას, მისასალმებელია. როდესაც ეშმაკობები აღარ ჭრის, როდესაც სისტემა აფეთქების პირასაა, მაშინ — მიმართავენ ხელკეტს! ტყვიამფრქვევს! გაზის ბალონებს! საქმეში რთავენ მთელ არსენალს, როცა საათი დაჰკრავს! უკანასკნელი რეზოლუციების ოპტიმიზმის თანხლებით! ხოცვა-ჟლეტის მირიადები, წარღვნის შემდეგ ყველა ომს მუსიკად ოპტიმიზმი ახლავს... ყველა მკვლელი მომავალს ვარდისფერ ფერებში ხედავს, ეს ხელობის ნაწილია.

სიღარიბე — სრულიად გასაგები იქნებოდა, ერთხელ და სამუდამოდ ყელში რომ ამოსვლოფათ ამ ქანცგაწყვეტილ ადამიანებს, მაგრამ სიღარიბე —  მხოლოდ  თანამედროვე სამყაროს ისტორის აქსესუარი გახდა! ყველაზე მდაბალ მედიდურობას, ფუჭ ამპარტავნებას, შურს, მბრძანებლურ მრისხანებას ხელში ჩაუგდია, და მომავლის ლაზარეთის, სოციალისტური კარანტინის შეურაცხადთა საკნებში გამოუკეტავს ეს თვალთმაქცები.

„ ყური კარგად დამიგდე, ᲞᲝᲞᲣ! შენ უზენაესი არსება ხარ! შენზე გაგათავისუფლეს, როგორც არავინ! შენ ბევრად უფრო თავისუფალი ხარ, აბა შეედარე, მოპირდაპირე მხარის ყმებს! მეორე მხარეს, ციხეში რომ ყრიან! კიდევ ერთხელ ჩაიხედე სარკეში! ერთი პატარა ჭიქა გადაჰკარი იდეებისთვის! ხმა მაიტა ბიჭო! პოპუ, შენ ხო სისტემის მსხვერპლი ხარ! მე შენთვის სამყაროს გადავაკეთებ! საკუთარ ნაკლოვანებებზეარ იდარდო! მთლიანად ოქრო ხარ! ხომ გიმეორებენ! საკუთარ თავს არაფერი არ დააბრალო! არ იფიქრო! მისმინე! მე შენი ჭეშმარიტი ბედნიერება მინდა! გინდა იმპერატორად დაგნიშნო? რომის პაპად ან თავად უფალ ღმერთად დაგნიშნავ! ამ ყველაფრად ერთად! ბუმ! აი ასე! ჩიტი გამოფრინდა! ესეც ფოტო!

იქ კი, ფინეთიდან ბაქომდე, სასწაული აღსრულდა! საწინააღმდეგოს ვერაფერს იტყვი... ! ᲞᲠᲝᲚᲝ კი ცოტა არ იყოს. შეუძლოდაა მის გარშემო ასე უეცრად წარმოქმნილი ამ სიცარიელისგან. ჯერ კიდევ შეეგუა. დიდია ცა როცა მხოლოდ შენია! სასწრაფოდ აღმოაჩინეთ მეოთხე განზომილება! ჭეშმარიტი განზომილება! ძმური გრძნობის, სხვასთან სოლიდარობის...ის ვეღარავის დაადანასაულებს... ა ექსპლუატატორებიც აღარ დარჩნენ, რომ მიაფინთიხოს...

" ყველა შენი ტანჯვა ჩემი გახდება“... ადამიანი, რაც უფრო მეტად იკუმშება და რთულდება, მით უფრო სცილდება ბუნებას, მით უფრო მეტად იტანჯება... საქმე მხოლოდ ცუდიდან უარესისკენ მიდის, ნერვული სისტემის მხრივ. კომუნიზმი, ყველაფერზე მეტად, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე სიმდიდრე, ყველა ტანჯვის განაწილებაზეა. ყოველთვის ასე იქნება — ეს ფატალურია, ეს ბიოლოგიური კანონია, პროგრესი ამას ვერაფერს შეცვლის, პირიქით — ბევრად მეტი ტანჯვა იქნება გასაყოფი, ვიდრე სიხარული... და ყოველთვის, ყოველთვის სულ უფრო მეტი... თუმცა გულს ამ საქმეში ვერ ჩართავ. ძნელია მისი დაყოლიება... ის ჭირვეულობს... ის თავს არიდებს... ის თავს იმართლებს... წინასწარ გრძნობს... ეს ხომ ბოზობაა! კომუნისტური სისტემა კომუნისტების გარეშე. ჰოდა, მით უარესი! მაგრამ არაფერი შეიმჩნიო! თუ იტყვი „ნიჩურტა“, ჩამოგახრჩობენ!...

მაშ, მოვიხმოთ როშვა! საშველად ვუხმოთ ყველა ნავარაუდევ კატაკლიზმს!ფანტასტიკურ მტრებს! საჭიროა თეატრალური ფიცარნაგის დაკავება! ოღონდ ქოხი არ ამოაყირაონ! სასტიკი კოალიციები! უსაძაგლესი შეთქმულებები! აპოკალიფსური სასამართლო პროცესები! კვლავ უნდა ვიპოვოთ დემონი! იგივე მტერი ნებისმიერ უკიდურესობაში! განტევების ვაცი ყველა უბედურებისთვის! ავრიოთ კვალის! მწარე სიმართლე გსააგუდია: „ახალი ადამიანი“ არ მუშაობს! ისევ ისეთივე ნეხვია, როგორიც ადრე იყო!

აქ ჯერ კიდევ ვერთობით! არ ვართ ვალდებულნი თავი მოვიკატუნოთ! ჩვენ ჯერ კიდევ „ჩაგრულები“ ვართ! შეგვიძლია ბედისწერის მთელი ბოროტება სისხლისმსმელების ანგარიშზე გადავწეროთ! კიბოზე სახელად „ექსპლუატატორი“. და მერე მოვიქცეთ ისე, როგორც ძუკნები [ნაძირლები]. არავის უნახავს, არავის გაუგია!... მაგრამ თუ განადგურების უფლება აღარ გაქვს? თუ ბუზღუნიც კი არ შეგიძლია? აი აქ ხდება ცხოვრება აუტანელი !…

ჟიულ რენარმა ჯერ კიდევ როდის თქვა: „არ კმარა იყო ბედნიერი, საჭიროა, რომ სხვები არ იყვნენ.“ რა საძაგელი მომენტია, როდესაც იძულებული ხარ იტვირთო სხვების - უცნობების, უსახელოების მთელი ტანჯვა, როცა მთლიანად მათთვის იწყეტ ქანცს... არადა ᲞᲠᲝᲚᲝᲡ [ხომ ეფიცებოდნენ, რომ სწორედ „სხვები“ წარმოადგენდნენ მისი უბედურების მთელ ნაღველსა და შხამს! რა გაცურებაა ! რა სიდამპლეა! ის ამ „სხვებს“ ვეღარ პოულობს ...

არადა, მას საგულდაგულოდ კეტავენ, განახლებული საზოგადოების ამ ახალ რჩეულს... თვით სახელგანთქმულ „პეტრაპავლოვკაშივც" კი, ძველი დროის მეამბოხეებს ასე კარგად არ იცავდნენ. მათ შეეძლოთ ეფიქრათ ის, რაც უნდოდათ. ახლა ეს დასრულებულია. რა თქმა უნდა, წერაზე ხომ ლაპარაკიც აღარაა! ᲞᲠᲝᲚᲝᲕᲘᲩᲡ, ახალის ისტემის ამ ნებიერას ისე იცავენ, როგორც არასდროს, ეს თამამად შეიძლება ითქვას, ასი ათასი ეკლიანი მავთულის მიღმა! გარეშე უწმინდურებისგან და თვით დაცემული სამყაროს მყრალი სუნისგანაც კი. სწორედ მას, ᲞᲠᲝᲚᲝᲕᲘᲩᲡ სდარაჯობს პლანეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი, ყველაზე ეჭვიანი, ყველაზე გაქნილი, ყველაზე სადისტური პოლიცია. აბა! მარტო არ ტოვებენ! სიფხიზლე უზადოა! არავინ მოგტაცოთ ᲞᲠᲝᲚᲝᲕᲘᲩᲘ!... მოწყენილობისგან სულს ღაფავს!... ეს კარგად ჩანს! ოღონდ კი გარეთ გააღწევინა და სული ამოხდება! თუნდაც „ყოფილ ტურისტად“ რომ გადაიქცეს, ცოტათი რომ გადასხვაფერდეს! უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. აი, ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება ესროლო საბჭოთა ხელისუფლებას. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ ეს გაბედონ! სრულიად მშვიდად ვართ! ისინი ამას არ იზამენ! იქ, ბოლო-ბოლო, აღარავინ დარჩებოდა!

ისე ჩვენთან კი მოახერხებდა გართობას პროლოვიჩი! აქ ჯერ კიდევ არის პატარა გასართობები, უცნაური მფარული ოინები, სიამოვნება ბოლო-ბოლო! 600 პროცენტით ექსპლუატირებულმაც კი შეინარჩუნა თავისი გასართობები! როგორ უყვარს სამსახურიდან გამოვარდნა ნაქირევებ სმოკინგში , მილიონერის ვისკის სმით თავის მოჩვენება! კინოთი ტკბობა! ის ხომ ბურჟუაა ძვლის ტვინამდე! მან იცის ყალბი ფასეულობების გემო . ის მაიმუნია. ის გახრწნილია... ის სულით ზანტია ... მას მხოლოდ ის უყვარს, რაც ძვირი ღირს! ან რაც ასეთად ეჩვენება! ის თაყვანს სცემს ძალას. ეზიზღება სუსტი. ტრაბახაა, მედიდურია! ის ყოველთვის თაღლითის მხარესაა. უპირველესი ვიზუალია ! უნდა ჩანდეს! ნეონს ეხვევა, როგორც ბუზი. არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ის იაფფასიანი ბრჭყვიალაა. ის ჩერდება ზუსტად იქამდე, რასაც მისი გაბედნიერება შეეძლო. იტანჯება, თავს ისახიჩრებს, სისხლს ღვრის, ძაღლდება და ვერაფერს სწავლობს. ორგანული ალღო აკლია, ზურგს აქცევს, მისი ეშინია. ცხოვრებას სულ უფრო და უფრო იმწარებს. სიკვდილისკენ მიექანება სწორედ იმ მატერიით აჩქარებული, რომელიც არასდროსაა საკმარისი... ყველაზე ეშმაკი, ყველაზე სასტიკი, ის ვინც იგებს ამ თამაშს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ უფრო მეტ იარაღს იგდებს ხელთ, რათა კიდევ უფრო მეტი მოკლას და საკუთარი თავიც მოკლას. ასე, ყოველგვარი ზღვარის გარეშე, დაუსრულებლად... ფსონები დადებულია !... ყველაფერი გათამაშებულია! ყველაფერი მოგებულია!... 

იქ ადამიანი კიტრს ხეთქავს. იქ ის ყველა ფრონტზე დამარცხებულია. ის უყურებს, როგორ ჩაუვლის „კომისარი“ თავისი არცთუ ახალი პაკარდით... ხეხავს, როგორც ჯარში, მთელი ცხოვრების მანძილზე... ქუჩაშიც კი ზედმეტი არ უნდა იბოდიალოს! ვიცით ჩვენ ეგ ჩვევები! და როგორ უსწორდებიან კონდახით!... მხოლოდ მომავალი ეკუთვნის! ზუსტად ისე, როგორც აქ!... „ხვალ გაპარსვა უფასოა“... რატომ არ მიდის საქმე კარგად, ადამიანო? სწორედ ალღო დაგაკლდა! რა მარტივია! სიღრმისეულად რომ დავფიქრდეთ, სულაც არ იყო საჭირო ამხელა ლოდინი სიმდიდრის გასაყოფად. ჩვენ შეგვეძლო მისი ერთმანეთში განაწილება ჯერ კიდევ პირველყოფილ ხანაში, კაცობრიობის რიჟრაჟზე... რაღა საჭირო იყო მთელი ეს პრანჭვა-გრეხა ? აგე, ჭიანჭველებს, ქარხნები არ აქვთ, მაგრამ ამას მათთვის ხელი არასოდეს შეუშლია... „ყველა ყველასთვის“... აი, მათი დევიზი!

კაპიტალი! კაპიტალი! აღარ არის საჭირო ეს ღრიალი, ეს თავად შენ ხარ მთლიანად, ᲞᲠᲝᲚᲝ! ხორხიდან დაწყებული ტრაკამდე... ᲞᲝᲞᲣ, მარტო ხარ! თავზე აღარავინ გაზის! მაშ რატომ იწყება კვლავ თავიდან საზიზღრობები ?.. იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ამოდიან შენივე ჯოჯოხეთური ბუნებიდან, ილუზიებს ნუ შეიქმნი და ნერვებს ნუ მოიშლი, sponte sua. ყველაფერი თავიდან იწყება. რატომ იღებს ინჟინერი თვეში 7000 რუბლს? იქაურობაზე, რუსეთზე ვამბობ, დამლაგებელი ქალი კი — მხოლოდ 50-ს? მაგიაა! მაგია! იმიტომ, რომ ყველანი ნაგვები [ნაძირლები] ვართ! იქაც და აქაც! რატომ ღირს ერთი წყვილი "ბათინკა" 900 ფრანკი? და სრულიად უვარგისი ძირის გამოცვლა (ჩემი თვალით ვნახე) — 80-მდე?... ახლა საავადმყოფოები? კრემლის ის ერთი, ლამაზი რომ განზე გადავდოთ, და „ინტურისტის“ პალატები ზედ მივაყოლოთ, დანარჩენები პირდაპირ საზარელია! ისინი სულს ღაფავებ ნორმალური ბიუჯეტის მეათედზე. მთელი რუსეთი ნორმალური ბიუჯეტის მეათედით ცხოვრობს, გარდა პოლიციის, პროპაგანდის და არმიისა...

ეს ხომ ახალი მეტსახელით დაბრუნებული ძველი უსამართლობაა, ბევრად უფრო საშინელი, კიდევ უფრო ანონიმური, საგულდაგულოდ დაგმანული, სრულყოფილი, შეუვალი, წამებაში გაწვრთნილი ძაღლობით აღჭურვილი! ამ არამზადული კრახის, ამ გიგანტური აფიორისა და ქურდობის გასამართლებლად, დიალექტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან!... რუსები დაბოლების შეუდარებელი ოსტატები არიან! მხოლოდ ერთი აღიარებაა შეუძლებელი, ერთი აბია, რომელიც ყელშია გაჩხერილი: ის, რომ ადამიანი ყველაზე საძაგელი მოდგმაა!... რომ ის ნებისმიერ პირობებში, თავადვე ახერხებს საკუთარი თავის ტანჯვას, როგორც სიფილისი ახერხებს— თავის ზურგის ტვინის გამოშრობას... აი, ესაა ნამდვილი მექანიკა, სისტემის სიღრმე!... კარგი იქნებოდა მლიქვნელების ჩაძაღლება, სწორედ ესენია ხალხისთვის ყველაზე დიდი ოპიუმი...

ადამიანში ადამიანური იმდენივეა, რამდენიც ქათამშია ფრენის უნარი. როდესაც მას ძლიერად ამოსცხებენ, როდესაც მანქანა მას ჰაერში ააცეკვებს, ის სახურავამდე ფრინდება და უმალ უკანვე ეშვება ტალახში, რათა კვლავ საკუთარი სკორე კენკოს. ესაა მისი ბუნება და მისი მოწოდება. ჩვენთვის, საზოგადოებისთვისაც, ზუსტად ასევეა. ჩვენ მხოლოდ კატასტროფის მომენტში ვწყვეტთ ნაგვობას. როდესაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად ლაგდება, ნატურა ჭენებით ბრუნდება. სწორედ ამიტომაა, რომ რევოლუცია ოცი წლის შემდეგ უნდა განსაჯო. „მე! შენ! ჩვენ ვართ მავნებლები, თაღლითები, ძუკნები!“ — ამას არასოდეს იტყვიან. არასოდეს! არასოდეს! არადა, ჭეშმარიტი რევოლუცია სწორედ ეს იქნებოდა — აღიარებების რევოლუცია, დიადი განწმენდა! მაგრამ საბჭოელები ეფლობიან მანკიერებაში და ყალბ ოინებში. ისინი ზედმიწევნით კარგად ფლობენ საიდუმლო მექანიზმებს. ისინი იძირებიან პროპაგანდაში. ცდილობენ მძღნერი შიგთავსით გატენონ და კარამელად გაასაღონ. აი, ესაა სისტემის სიდამპლე. 

მაშ! ის ძველი ბოსი შეცვალეს! მისი ძალადობა, მისი სისულელეები, მისი ხერხები, მისი სარეკლამო ბოზობები! მათ ხომ იციან უვარგისი საქონლის შეფუთვა-შეღებვა! ამას დიდი დრო არ დასჭირვებია! ესტრადაზე უკვე ახალი ოღრაშები დგანან!... შეხედეთ ამ ახალ მოციქულებს... მუცელგაბერილებს და კარგად მომღერლებს!.... დიდი აჯანყება! დიდი ბრძოლა! პატარა ნადავლი! ძუნწები შურიანების წინააღმდეგ! მთელი ბრძოლა, თურმე მხოლოდ ეს ყოფილა! კულისებში უბრალოდ ნიღაბი შეცვალეს... ნეო-ტოპაზები, ნეო-კრემლი, ნეო-ძუკნები, ნეო-ლენინები, ნეო-იესოები! ისინი გულწრფელები იყვნენ დასაწყისში... ახლა კი ყველამ ყველაფერი გაიგო! (ვინც ვერ გაიგო, ხვრეტენ). ისინი დამნაშავენი კი არ არიან, არამედ მორჩილნი !... ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, სხვები იქნებოდნენ... გამოცდილებამ მათ არგო... ისინი ფხიზლად არიან , როგორც არასდროს... ახლა სული მხოლოდ „წითელი პარტბილეთია"... დაიკარგა! გაქრა!... მათ ხომ საძაგელი ᲞᲠᲝᲚᲝᲡ ყველა მანკიერება იციან... ჰოდა ხეხოს! მარშით იაროს! იტანჯოს! იტრაბახოს!... დააბეზღოს!... ეს ხომ მისი ბუნებაა!... არაფრის შეცვლა არ შეუძლია!... პროლეტარი? ბორდელში! იკითხე ჩემი გაზეთი! იკითხე ჩემი ჭორები, ზუსტად ეს და არა სხვა! გასინჯე ჩემი სიტყვების ძალა! და რაც მთავარია, შორს არ შეტოპო, შე ბოზო ! თორემ თავს წაგაცლი! ის მხოლოდ ამას იმსახურებს, სხვას არაფერს!... გალიას!... როცა ძაღლებს უხმობ, ხომ კარგად იცი, რაც გელის!... და ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული! ისინი ნებისმიერ საძაგლობაზე წავლენ, ოღონდ პასუხისმგებლბა აიცილონ! ისინი დაგმანავენ ყველა გასასვლელს. ისინი გახდებიან „ტოტალიტარულები!“ ებრაელებთან ერთად თუ ებრაელების გარეშე - ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!... მთავარი ხომ კვლაა!... რამდენმა დაასრულა კოცონზე იმ პატარა, ჯიუტ მორწმუნეთაგან ბნელ ეპოქებში?... ლომების ხახაში?.. გალერებზე ?... ძვლის ტვინამდე ინკვიზიციაგავლილმა?... მარიამის უბიწო ჩასახვის გამო თუ აღთქმის სამი მუხლისთვის? მათ ვეღარც კი დაითვლი! მოტივები? არასავალდებულოა!... სულაც არ არის საჭირო, რომ ისინი არსებობდეს!... დრო ბევრი არაფრით შეცვლილა ამ მხრივ! ჩვენ არ გავხდით უფრო პრეტენზიულები! ჩვენ ყველანი თავისუფლად ჩავძაღლდებით ისეთი ხარახურისთვის, რომელიც საერთოდ არ არსებობს! კომუნიზმი გრიმასებში! .... ამას მართლაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ, სადაც ჩვენ ვართ!... აი, ამას ჰქვია იდეისთვის სიკვდილი, თუკი მე საერთოდ რამე გამეგება!... ჩვენ მაინც სუფთები ვართ ისე, რომ არც ვიცით!... კარგად თუ ვიანგარიშებთ, იქნებ სწორედ ესაა იმედი? და მომავლის ესთეტიკაც! ომები, რომელთა მიზეზიც კი აღარ გვეცოდინება!... სულ უფრო და უფრო გრანდიოზული! რომლებიც აღარავის დატოვებენ მშვიდად!... რომ ყველა ჩაძაღლდეს... იქვე, ადგილზევე რომ იქცენ გმირებად... და მტვრად!... რომ დედამიწა გავასუფთავოთ... ჩვენ ხომ არასოდეს არაფერში არ გამოვდექით... დასუფთავება იდეის სახელით...

*ხალხის დამცინავი სახელი (სელინის მოგონილი)

**მოლიერის პერსონაჟი

***ყაჩაღთა გუნდის მეთაური

****სერიული მკვლელი

*****პროლეტარიატის დამცინავი სახელი

Comments